ახალი ამბები

ლაგოდეხში თვითიზოლაციაში ორი ოჯახი იმყოფება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სოფელ მატანსა და ველისციხესთან შედარებით ლაგოდეხში უფრო სტაბილური სიტუაციაა და ამჟამად თვითიზოლაციაში ორი ოჯახი იმყოფება.

„ვფიქრობ, რომ ლაგოდეხში უფრო სტაბილური სიტუაციაა, რადგან ახალი კონტაქტები და შემთხვევები არ გამოვლენილა. მხოლოდ ორი ოჯახია თვითიზოლაციაში . შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის ხუთი შემთხვევა, რომელიც გვაქვს, აჭარიდან არის შემოტანილი და არ არის ჩვენი.. ინფიცირებულთაგან ყველა აჭარაში იმყოფებოდა და ჩამოსვლის შემდეგ დაუდასტურდათ ვირუსი”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, ლაგოდეხში, სასაზღვრო პოლიციის კოვიდინფიცრებული თანამშრომლის ოჯახის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. კორონავირუსი დაუდასტურდა სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს თანამშრომლის ორ შვილს, მეუღლესა და ბაბუას.

COVID 19-ის პირველი შემთხვევა ლაგოდეხში 13 სექტემბერს გამოვლინდა. კოვიდინფიცრებულ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს, აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და ინფიცირების წყაროც ამ რეგიონს უკავშირდება.

მამაკაცი აჭარიდან ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა. ის სამსახურში არ მისულა, რადგან ჯერ კიდევ გზაში ყოფნის დროს ჰქონდა სიცხე. ლაგოდეხში ჩასვლისთანავე მან ადგილობრივი ცხელების ცენტრს მიმართა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, მამაკაცი სამკურნალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ავტორი: მაკა ხაზიური