გიორგი ბოტკოველი- საოლქო კომისიებში დამოუკიდებელ წევრებად ” ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ირჩევენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ახმეტა- თელავი- ყვარელი ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში, საოლქო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელ წევრებად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ირჩევენ.
დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი გამართა, სადაც ასარჩევი დამოუკიდებელი კანდიდატების 30 კაციანი სია წარადგინა, რომლის მიხედვითაც კონკურსანტები საჯარო მოხელეები, მათთან გათანაბრებული პირები, სკოლის დირექტორები, საბავშვო ბაღების გამგეები და საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები არიან.
,,როგორ იქნებიან ეს წევრები დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, როცა სია შედგენილია ” ქართული ოცნების” მიერ. მაგალითად, მერის წარმომადგენლის მოადგილე, ან მისი მეუღლე, მიუკერძოებელი იქნება?”,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიაპარაშვილის განცხადებით, კომისიის წევრებს მხოლოდ გამოცდილების მიხედვით ირჩევენ.
,,გვაქვს 900 ვაკანსია და 959 განაცხადი. ჩვენ არ ვიკვლევთ პოლიტიკურ სიმპატიებს, უბრალოდ ვადგენთ ვის რა გამოცდილება აქვს. კანონს არ ვარღვევთ. ყველა ამ პირს, უფლება აქვს, იყოს კომისიის წევრი”,- განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა.