ვინ არიან კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და რა მთავარი გზავნილები აქვთ მათ
საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდება, კახეთის რეგიონში, რვის ნაცვლად, ორი მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. პარტიების და კანდიდატების უმეტესობამ აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყო.
ისინი ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეიბას, აცნობენ მათ ძირითად გზავნილებს და მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ. თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან ზურაბ ჭიაბერაშვილი ოლქში ამომრჩევლებს ყოველდღიურად აქტიურ რეჟიმში ხვდება.
მისი განცხადებით, შეხვედრებისას მოსახლეობა პრობლემად ასახელებს ფასების ზრდას, უმუშევრობას, დაუცველობას კრიმინალისაგან და მთავრობისაგან უყურადღებობას. ჭიაბერაშვილის განმარტებით, მათ კონკრეტული გეგმა აქვთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად
“ჩემთვის დიდი პატივია კახეთის ამ ულამაზეს ნაწილში ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი. მე მაქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ შევცვალო თქვენი ცხოვრება, როგორ შევაჩერო სიღარიბე, ფასების ზრდა. პარტიაში ასევე იციან თუ როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები და გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან. ჩვენი მხარდაჭერით ხმას აძლევთ ქვეყნის განვითარებას”,– აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
გაერთიანებული ოპოზიციიდან და ნაციონალური მოძრაობიდან თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველია. არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე, მან აქტიური კამპანია რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მოსახლეობას დღემდე აქტიურად ხვდება.
,,წლების მანძილზე, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობამ, რეგიონის თითქმის ყველა ოჯახის საწუხარი, პრობლემა და ტკივილი გამაცნო. ოთხი საუკეთესო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში დიდი პატივია. ამიტომაც, გაჩერებული ქვეყნის დინამიურ განვითარებაზე გადასაყვანად, ღირსებით აღსავსე კახელებთან ერთად, ახალი ენერგიითა და ახალი ძალით წავალთ გადამწყვეტ არჩევნებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაღალ პოლიტიკური კულტურის კლასს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელ საქართველოს’’,– აცხადებს გიორგი ბოტკოველი.
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატი კი ყოფილი გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილია. მისი მთავარი დაპირება დაწყებული პროექტების გაგრძელება, თვითმმართველობების გაძლიერება და სოფლის მეურეობის განვითარებაა.
,,არის ბევრი თემა რომელზეც მე გუბერნატორად ყოფნის განმავლობაში მიმუშავია და ვიცი ყველა ის გამოწვევა და პრობლემა რომელიც აქვს რეგიონს. გამარჯვების შემდეგ ჩვენი მთვარი საზრუნავი იქნება ის, რომ მეტი საშუალება მივცეთ თვითმმართველობას, რათა მათ მეტი სიკეთის მოტანა შეძლონ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვარ ჩართული ყველა სახელმწიფო პროგრამაში რომელიც კახეთში მუშაობს, მის დამუშავებაში და აქაც ვიცი რა პრობლემები, რა საჭიროები და რა ახალი მიდგომებია საჭირო. სწორედ ამ საკითხების გადაწყვეტაში მივიღებ მონაწილეობას. მაჟორიტარი დეპუტატი გაჭირვებისას მოსახლეობის ინტერესების დამცველი უნდა იყოს’’, –აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც კენჭს თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხში იყრის ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობიდან ემზარ ქვარიანია.
მისი ინფორმაციით, პარტიაში არიან გაწევრიანებული ადამიანები, რომლებსაც დიდი დამსახურება აქვთ ქვეყნის წინაშე და საქმეს შემდეგაც უანგაროდ გააკეთებენ.
,,რატომ უნდა დაუჭიროთ მხარი საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობას? იმიტომ რომ აქ გაერთიანებულები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ერისა და ქვეყნის წინაშე უდიდესი დამსახურება აქვთ. ეს ადამიანები უანგაროდ ემსახურებოდნენ ქვეყანას, არასოდეს მოუტყუებიათ საკუთარი ხალხი და არასოდეს გაყიდულან. მე ვფიქრობ რომ, ამ ადამიანებს აუცილებლად უნდა ჰყავდეთ თავიაანთი წარმომადგენლები ახლადარჩეულ არჩეულ პარლამენტში, რომელთაც არავისზე ნაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის და ერის წინაშე’’,– განაცხადა ემზარ ქვარიანმა.
საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყოფილი დეპუტატი დავით სონღულაშვილია.
ის აქტიურ საარჩევნო კამპანიას ახორციელებს და მოსახლეობას ხვდება. მისი განცხადებით, არსებული პრობლემების მოგვარება ხელს შეუწყობს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეგიონალური განვითარების პოლიტიკის განხორციელებას, რომლის ნაწილიც არის ქალაქში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების დაახლოება.
კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქში ნაციონალური მოძრაობიდან და გაერთიანებული ოპოზიციიდან ლევან ბეჟაშვილი იქნება. ის მოსახლეობას აქტიურად ხვდება და პარტიის ანტიკრიზისულ გეგმას აცნობს. მისი განმარტებით, გამარჯვების შემთხვევაში გაუმჯობესდება თითოეული ადგილობრივის ცხოვრების დონე.
აღნიშნულ ოლქში ასევე, დეპუტატობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან გიორგი ღვინიაშვილია. ის რამდენიმე თვეა აწარმოებს ამომრჩევლებთან შეხვედრას და პარტიის სამოქმედო გეგმას აცნობს. მისი თქმით, პარტიას ეკონომიკის ასამუშავებელი გეგმა აქვს, რომელიც მოიცავს დაბალ გადასახადებს, მცირე მთავრობას და მეტ სამუშაო ადგილს.