ამ დროისათვის კახეთში 1200-მდე ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული
31 აგვისტოს მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 1200-მდე ტონა, ძირითადად საადრეო, სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 100-ზე მეტი კომპანია, რომელიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვება.
,,გადამუშავებული ყურძენი სპეციალური პროგრამის მეშვეობით აღირიცხება ერთიან ელექტრონულ ბაზაში და განახლებული ინფორმაციის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება ონლაინ რეჟიმში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე [http://www.wine.gov.ge/Ge/Statistic?harvestYearId=1007](http://www.wine.gov.ge/Ge/Statistic?harvestYearId=1007…).
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “რქაწითელისა” და “კახური მწვანის” ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა “რქაწითელის” ან “კახური მწვანის” ჯიშის ყურძენს.
ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი”,– აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.