,,ლელომ’’ გურჯაანში ოფისი გახსნა
„ლელო საქართველოსთვის“ – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ახლადდაფუძნებულმა პოლიტიკურმა პარტიამ გურჯაანში ოფისი გახსნა.
პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მხარდამჭერებს სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანისა და საგარეჯოს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პირველი სამხედრო მფრინავი ქალი ეკა ქვლივიძე წარუდგინა.
მამუკა ხაზარაძეს განცხადებით, პარტია საარჩევნოდ აქტიურ მუშაობას იწყებს. მისივე განმარტებით, მათ კახეთის რეგიონის და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების გეგმა აქვთ შემუშავებული, რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტთან შესაბამის მიდგომას გულისხმობს.
,,გავხსენით კიდევ ერთი წარმომადგებლობა გურჯაანში და მოსახლეობას წარვუდგინეთ დეპუტატობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე, რომელიც ჩემთვის არის სერიოზული თანამებრძოლი. რაც ყველაზე მთავარია, ის არის პირველი სამხედრო მფრინავი ქალი დამოუკიდებელ საქართველოში. ამით ყველაფერია ნათქვამი და სწორედ ასეთი ადამიანების გუნდი ვართ შეკრებილი, რომლებსაც სხვანაირ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება.
ჩვენ ვართ უპერსპექტივობაში. მენტალურ და ეკონომიკურ ჭაობში. თუ ქვეყანაში არ მოხდა რადიკალური ცვლილებები, ისე არაფერი არ გამოგვივა. ეს კი მოხდება მაშინ როცა ჩვენ მოვიყვანთ გულანთებულ ადამიანებს ხელისუფლებაში, მათ რომლებსაც უნარი აქვთ შექმნან ახალი რეალობა და ახალი სამუშაო ადგილები.
ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმები გვაქვს რეგიონების განვითარების. კახეთისთვის შევიმუშავეთ ძალიან სერიოზული კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს და გაიზარდოს შემოსავალი თითოეულ ოჯახში.
რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ კახეთში წარმოებული პროდუქცია გახდეს უნიკალური მთელი მსოფლიოსთვის ხარისხის და ფასის თვალსაზრისით. კახეთი უნდა შევიყვანოთ მსოფლიო ღვინის დედაქალაქების რიგში. ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ.
ასევე დაგეგმილი გვაქვს სასწრაფო რეკონსტრუქცია გავუკეთოთ აეროპორტს, სადაც ჩამოვიყვანთ მსოფლიოდან ტურისტებს, რომელთა რიცხვიც 50 მილიონია. ისინი ღვინის ტურებში ხარჯავენ წელიწადში 30 მილიარდ დოლარს. სწორედ კახეთი უნდა გახდეს ის ადგილი, სადაც ყველა ქვეყნიდან ჩამოვლენ ღვინის ტურისტები’’,– განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანისა და საგარეჯოს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ეკატერინე ქვლივიძეს განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში პარტია მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ გაძლიერებაზე დაიწყებს აქტიურ მუშაობას.
,,ამ პროცესში ჩართვა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. დროებით გადავდე ჩემი საქმე და გადავწყვიტე ქვეყანას ვემსახურო, მივიდე კარდაკარ ყველა მოსახლესთან და მათთან ერთად ვუთხრა არა გამეფებულ ნიჰილიზმს, ნეპოტიზმსა და სიღატაკეს. ერთად უნდა შევქმნათ ახალი საქართველო.
ჩვენს გეგმაში კონკრეტულად არის გაწერილი რომელ მუნიციპალიტეტს რა მიმართულებით სჭირდება გაძლიერება და დახმარება. ძლიერი ფერმერის და მევენახეს გარეშე ძლიერი ეკონომიკური ქვეყნის შექმნა წარმოუდგენელია’’,– განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ.