1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება
საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, 1 სექტემბრიდან შეიცვლება პენსიის გაცემის წესი, რაც გულისხმობს რომ ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე.
ამ ინიციატივის მთავარი მიზანია გადანაწილდეს ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი პენსიის ჩარიცხვის თარიღებში, იმისათვის რომ მათ მიიღონ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში.
1 სექტემბრიდან პენსიის მიმღებ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს პენსია ჩაერიცხება საკუთარ ანგარიშზე ყოველ თვეს ერთი და იგივე თარიღში. ინდივიდუალური თარიღის გაგება შესაძლებელი იქნება ვებ გვერდზე www.myliberty.ge, ლიბერთის ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში.
რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის ლიბერთის სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან ჩვენს მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში. მაგალითად, თუ სექტემბერში პენსია ჩაირიცხა 3 რიცხვში – გაგძელდება ჩარიცხვა ყოველი თვის 3 რიცხვში, იმ შემთხვევაშიც კი თუ 3 რიცხვი ემთხვევა არა სამუშაო დღეს. პენსიის მიმღები მოქალაქეები სოციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განაღდებას, ან ბარათით გადახდებს შეძლებენ ჩარიცხვისთანავე. პენსიის თანხით სარგებლობა, როგორც განაღდება, ასევე ბარათით გადახდა შესაძლებელია ჩარიცხვის თარიღიდან ნებისმიერ დროს.
მარიამ ოქროცვარიძე