როგორია წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში
აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) 19 აგვისტოს საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ისეთ საკითხებს ფარავს, როგორებიცაა საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, საარჩევნო გარემო, მედიის როლი და დეზინფორმაცია, გენდერი და ინკლუზიურობა და კორონავირუსის ზეგავლენა.
დოკუმენტში 2020 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდში, NDI-ის დელეგაციის მიერ მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ცესკო-ს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან ჩატარებული ინტერვიუების ანალიზია წარმოდგენილი.
NDI-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ სანდო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა დაამტკიცა, ამ მხრივ კვლავ არსებობს საკითხები, რაც გამოწვევად რჩება და პროცესის მიმართ „საზოგადოების ნდობას აკნინებს“.
ამ კონტექსტში დოკუმენტში „სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროვება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პროცესიდან გამოტოვება და საინფორმაციო გარემოს დაბინძურებაა“ დასახელებული. დოკუმენტში პარლამენტის მიერ პროპორციულთან დაახლოებულ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზეც არის საუბარი და ხაზგასმულია, რომ რეფორმა „უფრო მრავალფეროვანი და პოლიტიკურად დაბალანსებული საკანონმდებლო ორგანოს შექმნას შეუწყობს ხელს“.
ანგარიშისვე თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შეფასებაში მონაწილე პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელმა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები დადებითად შეაფასა, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან „გარკვეული საკითხები“ (საარჩევნო კომისიების მმართველი პარტიის სასარგებლოდ დაკომპლექტება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების არასაკმარისი აკრძალვა და არასათანადო აღსრულება და სხვ.) მაინც კრიტიკის საგანი გახდა.
ანგარიშში ოპოზიციური პარტიების მხრიდან პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და შერჩევითი გამოძიებების, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის და მათ მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევების დაუსჯელობის ფაქტებზე გამოხატული შეშფოთებაც არის აღნიშნული. NDI-ი არჩევნების კონტექსტში კოვიდ-19-ის პანდემიაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ამ უკანასკნელს გავლენა ექნება როგორც საარჩევნო კამპანიის სტრატეგიებსა და საარჩევნო უბნების პროტოკოლზე, ისე ამომრჩევლის ქცევაზე.
NDI-ის განმარტებით, მიუხედავად მრავალფეროვანი პარტიული სპექტრისა, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა პოლიტიკას კვლავ ორპოლუსიანად აღიქვამს, სადაც ერთ მხარეს მმართველი პარტია – ქართული ოცნებაა, ხოლო მეორე მხარეს – ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. აგრეთვე, თბილისის გარეთ მცხოვრებნი შედარებით ახალი და მცირე ზომის პარტიების შესახებ ნაკლებად არიან ინფორმირებულნი.
დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო სისტემის რეფორმის და პოზიტიური კამპანიების წარმართვის დაპირების მიუხედავად, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ნდობის სერიოზული ნაკლებობაა და ისინი ეჭვობენ, რომ სხვები ნეგატიურ კამპანიას მაინც გამოიყენებენ. ამავე ანგარიშით, ოპოზიცია შიშობს, რომ „ხელისუფლებას რეფორმების სათანადოდ აღსრულების ნება არ გააჩნია“.