ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის მიზნით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები შედის
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის მიზნით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები შედის.
კანონპროექტის გათვალისწინებით, საჯარო სკოლების პედაგოგებზე, აგრეთვე, სსიპ-ებისა (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებების, რელიგიური ორგნიზაციების და ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა) და საჯარო დაწესებულებების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლებზე გავრცელდება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც ვრცელდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებზე (სამუშაო საათებში ვერ ჩაერთვებიან წინასაარჩევნო აგიტაციაში);
ამასთან, კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე ორი თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსებას.
სადამკვირვებლო სისტემის ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის, ასევე კენჭისყრის დღეს ერთსა და იმავე მედიაორგანიზაციას უფლება ექნება, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს ორი წარმომადგენელი, რომელიც იმავდროულად ვერ იქნება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ან სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი.
ცვლილებებით, დაუშვებელი იქნება 18 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე იყოს ერთზე მეტი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მხარდამჭერთა სიების ბლანკების (მატერიალურად) წარმოდგენასთან ერთად, საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი უნდა იყოს ამ სიაში შეყვანილ პირთა შესახებ ინფორმაცია ელექტრონული სახითაც, რაც ინიციატორების განმარტებით, ქმნის ხელმოწერების ავთენტურობის გადამოწმების ეფექტიან მექანიზმს.