სტატიები

რას ფიქრობენ კახეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი ახლებურად არეგულირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებით წესს.

კანონპროექტის თანახმად არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით და პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით; პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის კი ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

არსებობის შემთხვევაში, გაუნაწილებელი მანდატები თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა აღნიშნულ ფაქტს დადებითად აფასებს. პოლიტიკოსების განმარტებით, აუცილებელი იყო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება, თუმცა აღნიშნული მოდელი არსებულ საარჩევნო სისტემას ბევრად ჯობია.

,,ლეიბორისტული პარტიის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ვარდოშვილი აცხადებს, რომ ინიცირებული პროექტი მნიშვნელოვანია და ეს როგორც გაერთიანებული ოპოზიციის, ასევე საერთაშორისო საზოგადოების დიდი ძალისხმევის შედეგია.

,,ჩემი აზრით, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო არა ოპოზიციის, არამედ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა. ამას შეეწირა მაკო გომურის თვალი აქციების დროს.

ბიძინა ივანიშვილი მაშინ მოსახლეობას დაჰპირდა სრულიად პროპორციულ მოდელზე გადასვლას და მოგვატყუა. შემდეგ კი ოპოზიციური პარტიების და საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ძალისხმევით, წამოვიდა გარკვეულ დათმობაზე და 75 უსაქმური მაჟორიტარის მაგივრად პარლამენტში გვეყოლება 30 დეპუტატი.

ეს რა თქმა უნდა არ არის სრულად პროპორციული, მაგრამ მაქსიმალურად მიახლოვებულია და კარგია. მაჟორიტარული სისტემა არის მანკიერი პრაქტიკა, მაჟორიტარები არიან ფეოდალები და ხელისუფლებიდან ხელისუფლებას გადაეცემიან. მათ ჩვენ ვუხდით ხელფასებს, ვფარავთ მათ ხარჯებს და ისინი წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის არაფერს აკეთებენ’’,– განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება 1 % –იან ბარიერს, ამაზე არსებობს გარკვეული რისკი, რომ ხელისუფლებამ შეიძლება შექმნას თავისი სატელიტი პატარა პარტიები, რომლის საშუალებითაც შეეცდება უმრავლესობის შექნას, მაგრამ ეს არანაირ საფრთხეს არ შექმნის, რადგან საერთაშორისო საზოგადოება, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხს, ამას არ დაუშვებს.

,,ნაციონალური მოძრაობის” ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარე, შაქრო ტერტერაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთნ დაკავშირებით აცხადებს, რომ ჯერ გარანტირებული არაფერი არ არის, სანამ კანონპროექტი მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული.

,,პროპორციული სისტემით ბრძოლა ჯობდა, თუმცა წინა წლების მოდელს ახალი ჯობია. რაც შეეხება მეორე მოსმენას და პროექტის მიღებას, ხელისუფლება იძულებული გახდა საერთაშორისო წნეხის და ადგილობრივი ზეწოლის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ 1%–იანი ბარიერი თავიდან პარტიებში განხეთქილების და დაპირისპირების მიზეზისთვის იყო ,,შემოგდებული” რადგან მათ შორის შეთანხმდება ვერ მომხდარიყო, თუმცა ასე არ მოხდა და ოპოზიცია გაერთიანებულია’’,– განუცხადა Knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.

ბოიკოტის რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ,,ევროპული საქართველო”. პარტიის თელავის ოფისის ხელმძღვანელი ლელა მენთეშაშვილი განმარტავს, რომ არჩევნების ახალი მოდელით ჩატარება ნიშნავს ხალხის ხმისა და განწყობის უფრო მეტად ასახვას პარლამენტში.

,,ახალი ფორმატით არჩევნების ჩატარება არის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს ნიშნავს, რომ ხალხის ხმა და განწყობა უფრო მეტად იქნება ასახული პარლამენტში. აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი, ევროპული საქართველოს პოზიცია: თუ არ იქნება 8 მარტის შეთანხმება მიღწეული და გიორგი რურუა არ იქნება გათავისუფლებული, ჩვენ ვიქნებით ბოიკოტის რეჟიმში’’,– განაცხადა მენთეშაშვილმა.

სიახლეებს დადებითად აფასებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის ,,მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” თელავის ოფისის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ შარვაშიძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილება საარჩევნო მოდელის შეცვლასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო გააუმჯობესებს პოლიტიკურ გარემოს და ხელს შეუწყობს პოლარიზების შემცირებას.

,,ეს მოიტანს მნიშვნელოვან ცვლილებებს საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩემი აზრით გააუმჯობესებს პოლიტიკურ გარემოს და ხელს შეუწყობს პოლარიზების შემცირებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს ის შეთანხმება რომელზეც შეთანხმდა პოლიტიკური სპექტრი და დასრულდეს ამ საკითხით მანიპულირება. იმედი მაქვს მესამე მოსმენითაც გავა და და საბოლოოდ მივიღებთ ახალ სისტემას, რომელიც იმაზე უკეთესია რაც ახლა გვაქვს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის უფრო უკეთესი იქნებოდა სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც სრულად შეცვლიდა არსებულ არათანაბარ გარემოს’’, – განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას ნიკოლოზ შარვაშიძემ.