პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს დაამტკიცა.
პირველ მოსმენაზე პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობამ, „ევროპულმა საქართველომ”, „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა”, „პატრიოტთა ალიანსმა” და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხუთმა დეპუტატმა მისცა ხმა.
პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და გადანაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
კონსტიტუციური კანონპროექტით განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკების საკითხიც. კერძოდ, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი ერთ პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.
რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, ისინი განაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.
აქედან კახეთში 2 ოლქი იქნება. ერთში გაერთიანდება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; ხოლო მეორეში – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები.