ყარაჯალაში თელავის მერის წარმომადგენელი– ინფიცირებულ ქალს მეზობლებთან კონტაქტი არ ჰქონია
თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის სოფელ ყარაჯალაში ალასკარ სარდაროვის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს მეზობლებთან და ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია.
მისივე ინფორმაციით, ის სოფელში თბილისიდან ტაქსით ჩამოვიდა.
,,ამ ქალს არავისთან ჰქონია კონტაქტი. ვიკითხეთ და არც მეზობლებმა იცოდნენ, რომ ჩამოსული იყო. შვილები, შვილიშვილები და რძლები ყაზახეთში ყავს და აქ სტუმრად ჩამოვიდა. დიდუბეში ვაჭრობდა.
სიძე, მისი შვილი და შვილიშვილიც განმარტავენ, რომ მასთან არ ჰქონიათ კონტაქტი. ის თბილისში, ისანში, ჩაჯდა ტაქსში და ჩამოვიდა.
როგორც გვითხრეს აქ წყლის რიგში იმყოფებოდა, რაც ჩემი ინფორმაციით არ არის მართალი. სოფელში მედიკოსები მუშაობენ და ზუსტ ინფორმაციას ისინი გაარკვევენ”,– განუცხადა Knews.ge-ს ალასკარ სარდაროვმა.
სოფელ ყარაჯალაში თბილისიდან ჩასულ 63 წლის ქალს, რომელიც სოფელში თბილისიდან ჩავიდა, PCR ტესტით covid19 დაუდასტურდა. ის თელავის ცენტრალური საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.