ნელი ხიზანიშვილი – კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ოჯახის სამი წევრი კარანტინშია გადაყვანილი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვლის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 63 წლის ქალბატონის ოჯახის წევრები, შვილი, სიძე და შვილიშვილი კარანტინში არიან გადაყვანილები.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, მათ კონტაქტი მეზობლებთან არ ჰქონიათ, თუმცა ამ მიმართულებით სოფელში მედიკოსები მუშაობას გააგრძელებენ.
,,ქალბატონი ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდა კახეთში ორი დღის წინ. ის მუშაობს თბილისში. ოჯახი დღეს აპირებდა რიტუალურ ღონისძიებაზე დასწრებას. ქალბატონმა გუშინ დილით შეუძლოდ იგრძნო თავი და მიაკითხა საავადმყოფოს თელავში.
ახლა ვცდილობთ გამოვიკვლიოთ მისი კონტაქტები, სადმე ხომ არ გავიდა პირადი თავდაცვის საშუალებების გარეშე, კონტაქტი ხომ არ ჰქონდა და სხვა. აქაც, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში დილიდან ვმუშაობთ, რომ დავადგინოთ ვისთან და რამდენ პირთან ჰქონდა ურთიერთობა. მთავარია ის, რომ ექიმები ყოველ 14 დღეში ექვემდებარებიან სავალდებულო ტესტირებას და ჯერჯერობით მათთან არცერთი დადასტურების შემთხვევა არ ყოფილა”,– განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.