ჟურნალისტის ლიკვიდაციაში მხილებული პანკისის ხეობაში იმყოფებოდა
„მთავარი არხის” ინფორმაციით, 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
დაკავებამდე რუსეთის მოქალაქე პანკისის ხეობაში, ერთ-ერთი გავლენიანი უხუცესის, ხასო ხანგოშვილის ოჯახში იმყოფებოდა. სწორედ ამ სტუმრობის მიზეზით მოხდა ხანგოშვილების სახლის ჩხრეკა.
ტელეარხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით აპირებდა.
გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია “რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი ღიად დაემუქრა.
გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვმა ტელეწამყვანს რჩევა მისცა, რომ პუტინის გინების შემდეგ დაიმალოს, რადგან დედამიწაზე “მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”. ბლოგერმა კი გიორგი გაბუნია ბრძოლაში გაიწვია.
მანამდე, დაკავებულის ადვოკატმა ნინო მიქატაძემ მედიას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ყალბი დოკუმენტების შეძენა, შენახვა და გამოყენების მუხლით აქვს წარდგენილი.
“ბევრ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, წარდგენილი ბრალდება გახლავთ 362-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენას, შენახვას გამოყენების მიზნით და მის გამოყენებას, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას. გამოკითხვის ოქმი ბრალდებულის სახელით შემდგარი არაა”, – განმარტა მიქატაძემ.