ხასო ხანგოშვილი – ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ ბიკოვი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა
ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე ვასამბეგ ბიკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, – განუცხადა “კახეთის ხმას” პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა.
ხასო ხანგოშვილის თქმით, მისთვის ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ ბიკოვი გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ბუკოვი დაკავებამდე პანკისის ხეობაში, ხანგოშვილების ოჯახში იმყოფებოდა.
“ძალიან დადებითი პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა. როდესაც ჩვენთან მოდიოდა სტუმრად, მასთან კომუნიკაცია დაახლოებით 5 წუთი მქონდა. ვსაუბრობდით წინაპრებზე, ჩვენს ადათ-წესებზე. ვასამბეგ ბიკოვს საუბარში არასდროს, არანაირ კონტექსტში არ უხსენებია გიორგი გაბუნია. დაველოდოთ გამოძიებას, ბრალდების მხარეს რამდენად მყარი მტკიცებულებები ექნება. ამ სერიოზულ ბრალდებას დამტკიცება სჭირდება”, – განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.
მისივე შეფასებით, თუ რეალობას შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს რეალურად ჰქონდა გაბუნიას მკვლელობა განზრახული, მაშინ ის მთელი ქვეყნის მტერია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ვასამბეგ ბუკოვის დაკავება. სუსი არ აკონკრეტებს, ვისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბიკოვი 12 ივნისს დააკავა.