თელავში ბავშვების ლეიშმანიოზით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა
მიმდინარე წელს თელავის მუნიციპალიტეტში ლეიშმანიოზით დაავადების 3 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთაგან 2 ბავშვია.
როგორც “კახეთის ხმას” თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა 9 თვის ბავშვი ლეიშმანიოზით მაისში დაინფიცირდა, ხოლო 4 წლის კი თებერვალში. მაია ჯღუთაშვილის ინფორმაციით ლეიშმანიოზით ასევე დაავადებულია 29 წლის ქალი.
“2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტში ლეიშმანიოზით ინფიცირების 6 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 5 ორ წლამდე ასაკის ბავშვი იყო და ერთი 63 წლის მოქალაქე. 2020 წელს კი ბოლო მონაცემებით თელავში ამ დაავადებით ინფიცირების 3 შემთხვევაა გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ მაისში დაინფიცირებული 29 წლის ქალი ლეიშმანიოზით დაავადებული იყო 2018 წელსაც. ამ ინფექციური დაავადების საეჭვო პაციენტებს ვუტარებთ სწრაფ მარტივ ტესტებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში ვაგზავნით თბილისის პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სიღრმისეულად იკვლევენ”, – განუცხადა “კახეთის ხმას” მაია ჯღუთაშვილმა.
საქართველოში გავრცელებულია ლეიშმანიოზის ორი ფორმა: კანის და ვისცერული ლეიშმანიოზის ხმელთაშუა ზღვის ფორმა, რომელსაც ასევე ბავშვთა ლეიშმანიოზსაც უწოდებენ.
ადამიანს ლეიშმანია დაინფიცირებული მდედრი ფლებოტომუსის (კოღოს) კბენით გადაეცემა. ფლებოტომუსი მცირე ზომის სისხლმწოვი მწერია, რომელიც ბუდიდან რამდენიმე ათეულ მეტრამდე დაფრინავს. გამრავლებისათვის საჭირო პირობებს მოსკიტები პოულობენ ცხოველთა ბუნაგებში, გამოქვაბულებში, მღრნელების სოროებში, კლდის ნაპრალებში, ხის ფუღუროებში, შენობების ბზარებში, დაჩრდილული ნაგვის გროვებსა და ნიადაგში. მწერი ინფიცირდება დაავადებული ცხოველის სისხლწოვის დროს, რომელიც სჭირდება კვერცხის განვითარებისათვის. ასეთი მწერის კბენისას პარაზიტი გადადის ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ან ცხოველის ორგანიზმში და ასნებოვნებს მას.