კახეთში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება
საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტის სახით იქნება წარდგენილი.
მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები 5958.3 ჰექტარს მოიცავს, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს.
ინიციატივით კონკრეტდება, რომ ტერიტორია მოიცავს: მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს; ცივ-გომბორის აღკვეთილს.
„კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ისეთი მერქნიანი სახეობები, როგორებიც არიან მაღალმთისა და ჭალის მუხა და უთხოვარი. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ბინადრობს მურა დათვი.
იშვიათად გვხვდება კეთილშობილი ირემი. ამასთანავე, აღნიშნულ ფართობებს აქვს საკვანძო მდებარეობა, სადაც მოხვედრილ ტურისტს ეძლევა შესაძლებლობა, მოხვდეს სოფელ თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემთან; – „ბებერი კლდის“ მიდამოებში წარმოდგენილია ხელუხლებელი მუხნარი უთხოვრის ქვეტყით, რომლის ანალოგი არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება”, – აღნიშნულია პროექტში.
ცვლილებების ინიციატორები ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე, კახაბერ კუჭავა, დავით სონღულაშვილი და რომან მუჩიაშვილი არიან.