როგორ აპირებენ დეპუტატობის კანდიდატები კახეთში არსებული პრობლემების მოგვარებას
არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და დეპუტატობის კანდიდატები კი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ და დაპირებებს გასცემენ.
NDI-ისა და USAID-ის პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციების რეგიონის განვითარების ცენტრი და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ორგანიზებით, მოწყვლადი ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ,,თელავის სამოქალაქო საზოგადოების მიერ მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების ასახვის ხელშეწყობა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში’’ ფარგლებში, შეიქმნა სამოქალაქო კომიტეტი, რომლის მიზანს მუნიციპალიტეტის მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება, გადაჭრის გზების ძიება, ამომრჩეველთა განათლება და წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებთან ფართო დისკუსიის ორგანიზება წარმოადგენდა.
რეგიონის განვითარების ცენტრის დირექტორის, ლიზი სოფრომაძეს განმარტებით, მოწყვლად ჯგუფებად შეირჩა ახალგაზრდების, ქალების და ეთნიკური უმცირესობების პრობლემები. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული მიმართულებით წარმოადგინეს პარტიებმა საკუთარი ხედვა და ისაუბრეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.
,,პოლიტიკურ პარტიებს დავუყენეთ პრობლემური საკითხები და მათგან მოვისმინეთ პასუხები. ასეთი პრეცენდენტი თელავში. აქ იყვნენ სამი წამყვანი პოლიტიკური პარტია და მათი წარმომადგენლები და ისინი სცემდნენ პასუხს კითხვებზე. ასევე პოლიტიკოსების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია ეხებოდა კვლევის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზებს და საკუთარ ხედვებს ამ საკითხების ირგვლივ. მაჟორიტარობის კანდიდატებმა წარადგინეს თავიანთი წინასაარჩევნო პროგრამები. პოლიტიკოსებმა უპასუხეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ კითხვებსაც’’,- განაცხადა ლიზა სოფრომაძემ.
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) თელავის ოფისის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ შარვაშიძე აცხადებს, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ფართო დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას და ამომრჩეველთა ინფორმირებულობის გაზრდას.
,,ჩვენი ორგანიზაცია ხელს უწყობს პოლიტიკური პარტიების დიალოგს და მათი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების წარდგენას მიზნობრივი ჯგუფისთვის. ეს კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ამომრჩევლებმა იცოდნენ ვინ და რომელი პარტია და მისი წარმომადგენელი რას პირდებათ, რას გააკეთებენ. ეს კი დაეხმარებათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური კულტურის განვითარებას და პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.
პროექტის ფარგლებში სამიზნე ჯგუფების პრობლემებზე საკუთარი ხედვების და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.
მათი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებენ.
,,მოსახლეობასთან აქტიური და ყოველდღიური შეხვედრებისა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარვუდგინეთ ჩვენი გეგმები და ასევე ვისაუბრეთ ჩვენი პროგრამის შესახებ. სწორედ ასეთი შეხვედრებით ადამიანებს უფრო მეტად მიეცემათ საშუალება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოების იმ ნაწილის ჩართულობა, რომელიც შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი, ვფიქრობ დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარების საქმეში’’,- განუცხადა knews.ge-ს თელავის, ყვარლის, ახმეტის და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში ,,ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.
მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშილის თქმით, მათ ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ იციან და ეს ყველაფერი შესწავლილი აქვთ.
მისივე განმარტებით, სწორედ მის მოსაგვარებლად იმუშავებენ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
,,ჩვენი მიზანი არის მთელი საარჩევნო პროცესი მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ეს კონკრეტული შეხვედრაც ამისი ნათელი მაგალითია. ჩვენი მონაწილეობაც ამ პოლიტიკურ დებატებში მანიშნებელია იმისა, რომ ,,ქართული ოცნება” არის ღია. ჩვენ კარგად გვაქვს შესწავლილი ქვეყნის ყველა საჭიროება. იმიტომ, რომ ქვეყნის განვითარება იყო სწორედ მიმართული ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. მომავალ პერიოდშიც თუ რა და როგორ უნდა განხორციელდეს, ესეც რეალურ ხედვებზე არის დამყარებული, გამომდინარე ქვეყნის და თვითოეული ადამიანის საჭიროებებიდან’’,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
,,ევროპული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავარი საკითხები, რომლებიც არსებულ პრობლემებს მოაგვარებს, არის გადასახადების შემცირება, ნაკლები რეგულაციები, ნაკლები ბიუროკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო.
,,მთავარი პრობლემა, რაც ამ კვლევაში გამოჩნდა, არის ის რასაც ხალხი გვეუბნება შეხვედრებზე. ეს არის ფასების ზრდა, უმუშევრობა და გაჭირვება, რომელიც უნდა დასრულდეს გარდამტეხი ცვლილებებით 31 ოქტომბერს. ამას უნდა მოყვეს იმ ეკონომიკური პროგრამის განხორციელება მომდევნო კოალიციური მთავრობის მიერ, რაც ევროპულმა საქართველომ წარვადგინეთ და რასაც ვაცნობთ მოსახლეობას’’,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.