გურჯაანის აგრარული ბაზარი ხვალ გაიხსნება
გურჯაანის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას 6 ივნისიდან განაახლებს.
როგორც “კახეთის ხმას” ბაზრის დირექტორმა განუცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს. ლამარა აკოფაშვილის განმარტებით გარემონტდა სველი წერტილები, განხორციელდა ბაზრის შესასვლელის რეაბილიტაცია და ამავე დროს მოეწყო ახალი დახლები.
“ბაზრის გახსნის შემდეგ ყველა იმ რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, რაც კორონა ვირუსის პრევენციის მიზნითაა დაწესებული. ბაზრის ტერიტორიაზე რეგულარულად განხორციელდება სადეზიფექციო სამუშაოები, მოქალაქეებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, ბაზრის შესასვლელში იქნება დეზობარიერი და ა.შ. ხორცისა და ყველის წერტები ცალკ-ცალკეა. გარდა ამისა, დახლები ყოველდღიურად ირეცხება”, – განაცხადა ლამარა აკოფაშვილმა.
მისივე ინფორმაციით კვლავ პრობლემად რჩება ბაზრის ქვედა ტერიტორიაზე განთავსებული უსახური შენობები, რომელთა დემონტაჟზე ნებართვას ადმინისტრაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან ელოდება.
“ბაზრის ქვედა ნაწილში დავანგრევთ იმ შეუფერებელ შენობებს, რომლებიც კერძო პირების საკუთრებაში არ არის და ბაზარს ეკუთვნის”, – განუცხადა “კახეთის ხმას” აკოფაშვილმა.
გურჯაანის აგრარული ბაზარი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე თვით დაკეტილი იყო და 3 მარტს გაიხსნა, თუმცა ერთ თვეში ისევ დაიკეტა, რადგან ბაზრის ტერიტორიის ნაწილი მოსაწესრიგებელი იყო და სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.