დედოფლისწყაროში გველმა ორ ადამიანს უკბინა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქვეწარმავლების მიერ ადამიანების დაგესვლის ორი ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც “კახეთის ხმას” რეგიონული ჯანდაცის ცენტრის დედოფლისწყაროს გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელმა იამზე ბაღაშვილმა განუცხადა ერთ მოქალაქეს გველმა ოლეს საძოვარზე მდებრე ფერმაში, ივრის ზეგანის მიმდებარე ტერიტორიაზე უკბინა, ხოლო მეორე პაციენტი კი ქვეწარმავალმა სოფელ სამთაწყაროში დაგესლა.
“საავადმყოფოში გველით დაკბენილი ორი ადამიანი შემოიყვანეს. ერთი იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბოდბის მაცხოვრებელი, მიხეილ მანგოშვილი, რომლიც მუშაობდა ოლეს ფერმაში. მან გველის ფოტო მოიტანა. სავარაუდოდ ქვეწარმავალი არ იყო შხამიანი, რის გამოც მას შრატის გაკეთება არ დასჭირდა. მასზე დაკვირვება ჩვენი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა. ის უკვე გავწერეთ საავადმყოფოდან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.
მეორე პაციენტი, 60 წლის ომარ ფაჩხატაშვილი სოფელ სამთაწყაროში ცხოვრობს. მან აღნიშნა, რომ ვენახში მუშაობის დროს გიურზამ უკბინა. მას გაუკეთდა გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატი. პაციენტს აღენიშნებოდა ადგილობრივი და ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ავადმყოფი გადავიყვანეთ თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკაში”, – განაცხადა იამზე ბაღაშვილმა.