ახალი ამბები

გიგა მანდარია – ლაგოდეხის მოსახლეობა წყლის საფასურის მრიცხველის მიხედვით გადახდას დათანხმდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყლის საფასურის მრიცხველის მიხედვით გადახდასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგით დამთავრდა, – განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა.

გიგა მანდარიამ აღნიშნა, რომ წყლის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებასთან ერთად იმსჯელებენ და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ადგილობრივ მოსახლეობას უშუალოდ გააცნობენ. მანდარია ირწმუნება, რომ მოქალაქეები დათანხმდნენ გამრიცხველიანებას. მისი მტკიცებით, ეს არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 24 საათიანი წყალმომარაგების მიზნით აუცილებელი პირობა.

“მოსახლეობა დათანხმდა გამრიცხველიანებას, იმისათვის რომ მათ 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლონ. უნდა ითქვას, რომ გამრიცხველიანება ეს არის აუცილებელი პირობა, რათა მათ სასმელი წყალი რაციონლაურად გამოიყენონ და ლაგოდეხს უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს. მრიცხველების არარსებობის შემთხვევაში, მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს სამეურნეო მიზნებისთვის, რაც მთელ ქალაქს უქმნის პრობლემას და 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას ვეღარ ვახერხებთ’’, – განაცხადა გიგა მანდარიამ.

მისივე განმარტებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს.

,,დღეის მდგომარეობით, წყლის ხარისხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. 2020 წლის განმავლობაში ცხელ ხაზზე არ დაფიქსირებულა არც ერთი საჩივარი, რომ წყლის ხარისხზე პრობლემა შეექმნა მომხმარებელს. ჩვენი წარმომადგენლები, შესაბამისი მობილური ლაბორატორიები მუდმივად ადგილზე იმყოფებიან, არანაირი ფაქტი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ წყლის ხარისხი არ შეესაბამება სტანდარტებს. ჩვენ ახლაც და ნებისმიერ დროს მზად ვართ, წავიდეთ და ყველა დაინერესებულ პირთან ერთად შევამოწმოთ არსებულ ქსელში გამოყენებული მილების ხარისხი “– აღნიშნა გიგა მანდარიამ.

ცნობისთვის, ლაგოდეხში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ორჯერ გამართა. მათ წყლის საფასურის მრიცხველის მიხედვით გადახდა გააპროტესტეს. ადგილობრივებმა წყლის გადასახადის გადახდა ისევ სულადობის წესით და მრიცხველების საერთოდ გაუქმება მოითხოვეს. გარდა ამისა, მათთვის სულადობის მიხედვით დაწესებული ტარიფიც მიუღებელია, რადგან წყალი, რომელიც ონკანებში მოდის დაბინძურებული და სასმელად უვარგისია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ორი სათავე ნაგებობა, სამი ახალი ჭაბურღილი და 123- კილომეტრიანი წყლის სისტემა სრულად შეიცვალა.