კახეთში 59 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი კიდევ 59 მოქალაქის ნიმუში გამოიკვლიეს კორონავირუსზე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, არც ერთ მოქალაქეს “კოვიდ-19” არ დაუდგინდა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, დღემდე რეგიონში კოვიდ ინფექციაზე PCR მეთოდით ტესტირება 4000-ზე მეტ ნიმუშს ჩაუტარდა, საიდანაც მხოლოდ ერთია დადებითი.
“თვითიზოლაციაში იმყოფება 15 მოქალაქე. გუშინდელი მონაცემებით, სპეციალისტების მეთვალყურეობა არც ერთ ადამიანს არ მოხსნია.
კარანტინის სივრცეებში, 5 ადგილას, მოთავსებულია 186 მოქალაქე. 3 ივნისს ლუგარის ცენტრში 59 ნიმუში გაიგზავნა. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4280 ნიმუში, საიდანაც 1352 მედპერსონალს ეკუთვნის, 1559 – კარანტინის ვიზიტორებსა და სასტუმროს პერსონალს, 223 – შშმ პირს. გარდა ამისა, კორონავირუსზე ტესტირება ტრაილერის 26 მძღოლს ჩაუტარდა”, – განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.