ერთ ადამიანს ერთზე მეტი სუბსიდირებული იპოთეკური სესხის აღების უფლება ექნება
ერთზე მეტი “სუბსიდირებული იპოთეკური სესხის” აღების უფლება ექნება ერთ ადამიანს, თუმცა აღებული სესხების ჯამური მოცულობა 200,000 ლარს არ უნდა აჭარბებდეს – განუცხადა “BMG”-ის საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.
მისი განმარტებით, ბანკებმა იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში მომხმარებლებზე სესხების გაცემა რომ დაიწყონ, შესაბამისი დადგენილების დამტკიცებაა აუცილებელი, რის შემდეგაც დაფინანსების პროცესი დაიწყება.
“ამ მხრივ, დეტალები ჩვენთვის ცნობილია. ახლა ველოდებით საბოლოო დადგენილებას. იყო გაცხადებული მთავრობის მხრიდან, რომ 5 წლის განმავლობაში 4 პროცენტული პუნქტის სუბსიდირებაზე არის საუბარი, ეს შეეხება მხოლოდ პირველად ბაზარს და საგარანტიო სქემის ამოქმედებისთვის აუცილებელია, მინიმუმ 10%-იანი თანამონაწილეობა.
მხოლოდ ლარის სესხებზე არის საუბარი, 200 000 ლარამდე მოცულობის. ერთმა პირმა შეიძლება რამდენიმე სესხი აიღოს, მაგრამ არაუმეტეს 200 000 ლარისა”, – ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში ბანკებში სესხების გაცემა ჯერ არ დაწყებულა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე