საგარეჯოში „საქმიანი ეზო“ მოეწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საგარეჯოში „საქმიანი ეზო“ მოეწყო.
ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად ხე-ტყის დაამზადებს, დაახარისხებს და დასაწყობებს ე.წ. „საქმიან ეზოებში“.
ახალი კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის, მათ შორის, „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ საგარეჯოში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.
იური ნოზაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.
„აღსანიშნავია, რომ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება.
ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს“, – განაცხადა იური ნიზაძემ.
„საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განსახორციელების შედეგად მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფეტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა და ხეების უკანონო ჭრა.