ახალი ამბები

რა მნიშვნელობის არის თელავში ,,ნაქალაქარის” ტერიტორიაზე აღმოჩენილი ისტორიული მემკვიდრეობა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლების სამხრეთით მდებარე ნაქალაქარის ტერიტორიაზე 2018 წლიდან დღემდე, სპეციალისტებმა გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სადგომს მიაკვლიეს, სადაც ადრე შუა საუკუნეების სამეურნეო ხარო, ღუმელი და მცირე ზომის თახჩა აღმოაჩინეს.

არქეოლოგთა შეფასებით, ამავე სადგომის ინტერიერში გამოვლენილი ბრინჯაოს პერიოდის და განვითარებული შუა საუკუნეების კერამიკული მასალა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ნაქალაქარი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან მოყოლებული ინტენსიურად დასახლებული ტერიტორია იყო.

არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა ,,ნაქალაქარის” ტერიტორიაზე და ასევე სამოსახლარის II (ქვედა) ტერასაზე, სადაც ნამოსახლარის (სადგომის) ფილაქნით მოგებული იატაკი აღმოაჩინეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების საფუძველზე, ე.წ. „ნაქალაქარის“ ტერიტორიაზე  არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ნაშთებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
აღნიშნული სტატუსი მიენიჭა თელავში აღმოჩენილ კუნტურის (კუნტუს) ეკლესიას XI-XVIსს; ქაჯიანხევის მცირე ეკლესიას; ფსიტის (ფსიტიანის, საფსტეს, თურდოს) ციხეს (V-XVIIIსს); ღვთისმშობლის ეკლესიას (VIII-IXსს).