ახალი ამბები

კახეთში 50 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

გუშინ კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 50 ნიმუში გაიგზავნა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 19 მოქალაქე. კარანტინში, 6 ადგილას 212 ადამიანია მოთავსებული.

ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში იკვლევენ მაღალი რისკის ჯგუფებსაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალს, შშმ პირებს, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებს, მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებს და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალს. 27 მაისს აღებული ლუგარის ცენტრში გაიგზავნა 50 ნიმუში.

ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3894 ნიმუში, საიდანაც 1229 მედპერსონალი, კარანტინის 1455 ვიზიტორი და სასტუმროს პერსონალი, 223 შშმ პირი გამოიკვლიეს”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება და კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა არ არის დაფიქსირებული.