ახალი ამბები

პრემიერი – ვერავის მოვუწოდებთ გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახედვასთან დაკავშირებით პარლამენტს არ მიმართავს,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მოხსენების დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის კითხვის საპასუხოდ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ამ პერიოდში დაახლოებით 9 ათასი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.

“ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეკომენდაციებმა არ იმუშავა. პანდემია გრძელდება და არავინ არ იცის, ჩვენ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. ამიტომ პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას, რამეთუ შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების არ იმუშავებს”, – განაცხადა გახარიამ.

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის პრეზიდენტის დეკრეტით 3-ათასლარიანი ჯარიმა იყო განსაზღვრული. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გაგრძელდა.