ახალი ამბები

კურორტი ,,ახტალა” ვიზიტორებს 15 ივნისიდან უმასპინძლებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ ,,ახტალაზე” ვიზიტორებს სამკურნალოდ და დასასვენებლად სტუმრობა 15 ივნისიდან შეეძლებათ.

კურორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალ სეზონზე სიახლეები აქვთ და საზოგადოებას ფასადაკლებას სთავაზობენ.

,,ჩვენთან სტუმრობა დაშვებული იქნება 15 ივნისიდან. სამუშაოს განახლების დღიდან 1-ელ ივლისამდე და ასევე, 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე სტუმრებს 10% ფასდაკლებას ვთავაზობთ.

მკურნალობის კურსი მოიცავს 10-12 პროცედურას. ახტალის ტალახი გამოიყენება შეხორცებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ჭრილობების და დამწვრობის შემდგომი კელოიდური ნაწიბურები, მაობლიტირებელი ენდარტერიტები. ასევე, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ და სხვა.

ახტალის ტალახს იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდაც, როგორიცაა ფსორიოზი, ეგზემა, ნეიროდერმიტები და სხვა. ახტალის ტალახი წარმატებით გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: რევმატიული ართრიტები და პოლიართრიტები, სპეციფიური და არასპეციფიური ართრიტები და სხვა დაავადებები”,- განაცხადა კურორტ ,,ახტალის” დირექტორმა გიორგი უტიაშვილმა.

ახტალა, საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.

ახტალა, თბილისიდან 100 კილომეტრში, ქალაქ გურჯაანში მდებარეობს. ახტალის ტალახი გამოიყენება აბაზანებისა და აპლიკაციის სახით. ასევე დანერგილია ელექტრო ტალახი.

პარალელურად ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული პროცედურები. ახტალის ტალახი გამოიყენება პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა რადიკულიტი, საჯდომი ნერვის ანთება, ფლექსიტები. პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენები, ბავშვთა ცერებრალური დაავადებით გამოწვეული პარეზები.