ახალი ამბებისტატიები

პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

პანკისის სოფლების მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას სთხოვს.

ადგილობრივების განმარტებით, ტრანსპორტის არარსებობის გამო მათ გადაადგილების პრობლემა ექმნებათ. შესაბამისი მოთხოვნით პეტიცია პანკისის სათემო ორგანიზაციის ინიციატივით შემუშავდა, რომელსაც ხეობის სოფლების მოსახლეობა აწერს ხელს.

სათემო ორგანიზაციის წევრი რამზან გორგიშვილი განმარტავს, რომ ხეობაში მცხოვრებლებს გადაადგილების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა წლებია აქვთ.

მისივე თქმით, პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა შეხვედრებსა და ღონისძიებებზე, რომელიც დუისში ან ქალაქ ახმეტაში ტარდება დასწრებას ვერ ახერხებენ.

,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა პანკისის ხეობაში ყოველთვის არსებობდა. ძირითადად მოძრაობს სამარშრუტო ტაქსი და ესეც ყოველთვის არა. მათ მკაცრად დადგენილი განრიგი არ აქვთ.

მაგალითად სოფელ ომალოდან როცა მიდის მარშუტკა თელავის მიმართულებით, მას შეიძლება 5 მგზავრზე მეტი არ შეუგროვდეს, ამის გამო შესაძლებელია არც წავიდეს. რეალურად ვარდება რეისი და იქმნება პრობლემა.

გარდა ამისა, სოფლებს შორის გადაადგილება ასევე პრობლემაა. განსაკუთრებით რთულია ეს დუისიდან დაშორებული სოფლებისთვის, რადგან ცენტრია ძირითადად ყველა დაწესებულება იქ არის. აქედან გამომდინარე მოშორებით მყოფი სოფლების მოსახლეობისთვის ძალიან რთულია ყველა მომსახურების მიღება’’,- განუცხადა Knews.ge-ს რამზან გორგიშვილმა.

რამზან გორგიშვილის განმარტებით, ასევე გადაადგილების პრობლემა ექმნებათ დასაქმებულ ადგილობრივებსაც, რომლებსაც სამსახურში წასვლა ყოველდღიურად უწევთ.

,,ასევე პრობლემა ექმნებათ დასაქმებულებს, რომლებიც ახმეტაში მუშაობენ და დადიან სოფლებიდან. ისინი დილით სამსახურში უპრობელმოდ წასვლას ვერ ახერხებენ. ასევე საღამოს აღარ არის მოძრაობა და გამართლების იმედზე ვართ, რომ გაგვიმართლებს, ვინმე გამოივლის და გაგვაყოლებს’’,- განაცხადა რამზან გორგიშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი დავით შაშიაშვილი განმარტავს, რომ მოქალაქეების აქტიურობა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, პეტიციის განხილვას და შემდეგ საკითხის გადაწყვეტას შესაბამისი ვადები აქვს.

შაშიაშვილი ასევე განმარტავს, რომ ბიურო აღნიშნულ საკითხს განიხილავს და მის მიერ იქნება გადაწყვეტილება მიღებული განსახილველად საკრებულოს გადაეცემა თუ მერიას.

,,საკრებულოში შემოვიდა პეტიცია, ახლა შესაბამისი ბიურო განიხილავს და შემდეგ გადაწყვეტს ვის გადაეგზავნოს განცხადება განსახილველად. ბიუროს შეუძლია რამდენიმე სახის გადაწყვეტილების მიღება: შესაძლებელია შესაბამისმა კომისიამ დააწეროს საკრებულოს განსახილველად, ასევე შექმნას კომისია და იმან განიხილოს.

ვინაიდან ეს საკიხი ეხება ზოგადად მუნიციპალიტეტს და საზოგადოებრივ პრობლემას, შეუძლია აღნიშნული საკითხი ბიურომ კენჭისყრის შედეგად გადაუგზავნოს მერიას განხილვის მიზნით. ამ შემთხვევაში უწყებას აქვს 1 თვის ვადა გადაგზავნიდან, რომ განიხილოს და შეუძლია ისევ საკრებულოს მიმართოს და ვადა გაიხანგრძლივოს 1 თვით. თუ ეს პროცედურები წავიდა, სავარაუდოდ 2 თვეში იქნება პასუხი’’,- განუცხადა Knews.ge-ს დავით შაშიაშვილმა.