მთავრობა მოქალაქეების იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გეგმავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა მოქალაქეების იპოთეკურ სესხებს დააფინანსებს.
გიორგი გახარიამ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდირება წლის ბოლომდე გაგრძელდება. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს შეღავათი განკუთვნილი იქნება ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
„ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ზარალს, რომელი სექტორიც მიიღებს, გახლავთ მშენებლობა. ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა. ეს არ არის მხოლოდ კომპანიების დახმარება, ეს არის იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან ამ პროცესში შესულები არიან უკვე, ან პირველადი შენატანი აქვთ გადახდილი, ან დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა მშენებლობის ეტაპზეა.
ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული. დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. რომ არ მივიღოთ იგივე შედეგი, რაც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შემდგომ,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 150 მილიონი ლარი გამოიყოფა დევნილების ბინებით უზრუნველყოფისთვის, რომელიც ასევე დაეხმარება სამშენებლო სექტორს.