თელავში, “ნაქალაქარზე” აღმოჩენილ ობიექტებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ობიექტებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სოფელ თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეულის ე.წ. „ნაქალაქარის“ ტერიტორიაზე სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა, რის შედეგადაც, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ნაშთები იქნა აღმოჩენილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ობიექტებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
,,თელავში აღმოჩენილ კუნტურის (კუნტუს) ეკლესიას XI-XVIსს; ქაჯიანხევის მცირე ეკლესიას; ფსიტის (ფსიტიანის, საფსტეს, თურდოს) ციხეს (V-XVIIIსს); ღვთისმშობლის ეკლესიას (VIII-IXსს) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
„ნაქალაქარის“ სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოების დროს, გამოვლენილი ფსიტის ციხის ქვედა ციხე, რომლის გალავანის კედლებში ჩართულია სასახლე, ეკლესია და კოშკები. ციხე მსგავსებას ავლენს უჯარმის ციხესთან და მას მდებარეობის გამო, ხეობის ჩამკეტი ციხის ფუნქციაც უნდა ჰქონოდა.
ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სადგომები, გალავანი, დამუშავებული კაჟის ქვა, განვითარებული შუასაუკუნეების კერამიკული ნაწარმი, რკინის ისრის და შუბის პირები და ა.შ. „ნაქალაქარის“ ტერიტორიაზე დაფიქსირებული ნაგებობების და არტეფაქტების პირველადი დათარიღება გვიჩვენებს, რომ ობიექტზე გვიან ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული განვითარებული შუასაუკუნეებით დასრულებული თითქმის უწყვეტი ცხოვრების კვალი ფიქსირდება, რაც საკმაოდ იშვიათ ფაქტს წარმოადგენს”,- განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.