კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღემდე 2784 ბიოლოგიური ნიმუშია გაგზავნილი
კახეთში კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად ჯამში 2784 ბიოლოგიური ნიმუში გაგზავნეს.
,,ბიოლოგიური ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების გამოკვლევაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების, მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირებისა და საბაჟოს თანამშრომლების. 17 მაისს ლუგარის ცენტრში ცხელების ცენტრებიდან 9 ნიმუში გაიგზავნა.
ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. კახეთის რეგიონიდან, ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2784 ნიმუში, საიდანაც 963 მედპერსონალს ეკუთვნის, 853 კარანტინში მყოფ პირებს. გარდა ამისა, ლაგოდეხის საბაჟოს 74 თანამშრომელი და 149 შშმ პირი გამოიკვლიეს კორონავირუსზე”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მართვა