სტატიები

საცხენოსნო სკოლა, სასტუმრო, გიდების სახლი – სოფელ ქედელის მეორე სიცოცხლე

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედელში 2012 წლიდან ია თაბაგარი მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად აგროტურისტული საქმიანობას ეწევა. მას ბიზნესი ხალხისგან მიტოვებულ სოფელში აქვს.

ტურისტული კომპლექსი აერთიანებს საცხენოსნო სკოლას, სასტუმროს, ღია კაფეს, გიდების სახლს, ტერასებს და ულამაზეს ეზოს, რომლითაც ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქართველი და უცხოელი ტურისტი ინტერესდება.

კომპანია ,,ცოცხალი ფესვების“ დამფუძნებელი ია თაბაგარი განმარტავს, რომ ბევრი გამოწვევის მიუხედავად, მათ შეძლეს სოფელ ქედელის აგროტურისტულ ცენტრად და ტურისტების თავშეყრის ადგილად ქცევა.

,,საქმიანობა 2012 წლიდან დავიწყეთ, მაშინ როცა ჩამოვაყალიბეთ ტურისტული კომპანია, რომლის მიზანი იყო ძირითადად ღვინის, ეკო და აგრო ტურიზმის განვითარება, ასევე რეგიონებთან მუშაობა. კომპანიას, რომელიც შევქმენით, სიმბოლურად ,,ცოცხალი ფესვები“ დავარქვით. ჩვენი საქმიანობით გვინდოდა ახლოს ვყოფილიყავით იმ ეთნოლოგიურ რეალობასთან, რომელიც შემორჩა საქართველოში.

საქმიანობის დაწყება გადაწყდა სიღნაღში, რადგან საინტერესო ადგილია და მუნიციპალტეტს აკლდა ზუსტად ასეთი ობიექტები. თავდაპირველად დავიწყეთ იმით, რომ მიტოვებულ სოფელში, სადაც ერთი და ორი ადამიანი ცხოვრობდა, პატარა ნაკვეთები ვიყიდეთ. თავიდან საქმიანობა 2-3 ცხენით დავიწყეთ, შემდეგ აშენდა თავლა და ამას მოჰყვა პატარა სასტუმრო.

ეს პროცესი ძალიან რთული იყო იმოტომ, რომ სოფელში არ იყო წყალი და დენი. ბევრად მეტი დრო დასჭირდა საქმის დაწყებას, ვიდრე ჩვენ გვეგონა’’,– აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ია თაბაგარი.

ია ამბობს, რომ, აგროტურისტული ცენტრის და ეკოსოფელის ასაშენებლად, ნანგრევებიდან აღადგინეს 4 სახლი, რომელშიც ძველი და თანამედროვე არქიტექტურის ელემენტებია შერწყმული.

,,მე პირადად ტურიზმის სპეციალისტი ვარ და მინდოდა გადმომეტანა პრაქტიკაში ის, რასაც თეორიულად ლექციებზე ვკითხულობდი.

ამ სოფელში იყო მხოლოდ ძველი სახლების ნანგრევები და ჩვენ გვინდოდა, რომ ძველი იერი დაგვებრუნებინა მისთვის. მეგობრების დახმარებით, საიდანაც ზოგი არქიტექორი იყო და ზოგიც დიზაინერი, შევქმენით კონცეფცია და ამის მიხედვით ძველი და ახალი სტილი შევუსაბამეთ ერთმანეთს. მთლიანობაში კი შევინარჩუნეთ ძველი არქიტექტურის ელემენტები და მოვაწყეთ ძალიან კომფორტული სახლები გათბობით და გადახურვით’’,- ამბობს ია თაბაგარი.

აგროტურისტული ცენტრი ტურისტებს სთავაზობს ღვინის დაგემოვნებას, ქართული კერძების მომზადების მასტერკლასებს, ადგილობრივ პროდუქციას, ადგილზე დამზადებული ჯემის, ჩაის, მურაბის დაგემოვნებასა და საცხენოსნო ტურებს.

ია თაბაგარი განმარტებით, ბიზნეს საქმიანობაში მეზობელ სოფლებში მცხოვრები ადგილობრივები არიან ჩართულები და გარდა იმისა, რომ ისინი აქ მუშაობენ, პროდუქციას ძირითადად მათგან ყიდულობენ.

,,დღეს გვყავს კარგად მოვლილი ცხენები და აქ ხშირად მოდიან ის ადამიანები, რომლებსაც ცხენით სეირნობა სურთ. ასევე შევქმენი საცხენოსნო სკოლა და ყველა მსურველს შეუძლია დარჩეს, იცხოვროს და ისწავლოს. გარდა ამისა, მოვაწყეთ ბიო ბაღი და დავთესეთ სხვადასხვა პროდუქტი.

ასევე გვაქვს სასტუმრო და გიდების სახლი. ჩვენ ერთდროულად 22 სტუმრის მიღება შეგვიძლია.

ასევე გვაქვს კაფე, სადაც ადგილობრივი წარმოების პროდუქტებისაგან მზადდება კერძები, ბალახების ჩაი, ჯემი, მურაბა და სხვა. ეზოში არის ნათესები, ყვავილები და ტერასები, სადაც ლამაზი ხეები გავქვს დარგული. ასევე გვაქვს ტერასა ღონისძიებებისთვის, სადაც ხშირად ქართველი და უცხოელი ტურისტები მოდიან. აქ მათთვის ეწყობა კულინარიული გაკვეთილები, ასევე შეჯიბრებები, კონკურსები, მუსიკალური ფესტივალები და სხვა.

აქ ძირითადად ადგილობრივები გვყავს დასაქმებული. გარდა ამისა, მათ ვთხოვეთ დარეგისტრირებულიყვნენ მცირე მეწარმეებად, რომ მათგან ადვილად შეგვესყიდა მოყვანილი პროდუქცია. ამიტომ სასტუმროში გვაქვს ადგილობრივი წარმოების კვერცხი, ყველი , მაწონი, სახლში გამომცხვარი პური და ეს ძალიან მოსწონთ ჩვენს სტუმრებს. რაც მთავარია ამასთანავე ხელს ვუწყობთ ადამიანების დასაქმებას და მათ ჩართულობას სოფლის ტურიზმში”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას თაბაგარი.

მეწარმე მიუთითებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ და მისი გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულმა რეგულაციებმა უარყოფითი გავლენა მათზეც მოახდინა. ის კრიზის დაძლევის ერთ-ერთ წინაპირობად სოფლის მეურნეობის მიმართულებით მცირე ბიზნესის წარმომადგენლების მუშაობის დაწყებას მიიჩნევს.

,,რასაკვირველია პანდემიამ ხელი შეგვიშალა, მაგრამ ნელ-ნელა ვვითარდებით. ჩვენ გვინდა ვიყოთ მაგალითი იმისა, რომ საქართველოში შესაძლებელია მიტოვებული სოფლის აღორძინება, ძველი არქიტექტურის შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.

2019 წელს ტურიზმი იყო მრავაფეროვანი და ძირითადად ევროპელი ტურისტები გვსტუმრობდნენ, თუმცა იყვნენ ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც. ძირითადად იყვნენ ესპანელები, იტალიელები, გერმანელები, ფრანგები.

პანდემიის გამო ალბათ მსოფლიოა გაჩერებული, მაგრამ მე ვფიქრობ ცოტა უნდა მოვითმონოთ და რამდენიმე თვეში გაჩნდება უფრო მეტი მოთხოვნა ბუნებასთან სიახლოვის და ეკოტურიზმის, სადაც არ იქნება ადამიანების დიდი თავყრილობა. ვფიქრობ, მცირე ბიზნესი უნდა გადაერთოს მცირე მეურნეობების შექმნაზე. მე ვფიქრობ, რომ მესაქონლეობას, მემინდვრეობას უნდა მიხედონ და ამ მიმართულებით სწორი გზები მონახონ’’,- განმარტავს მეწარმე.