სტატიები

ხელისუფლების დაპირება და პროდუქტზე გაზრდილი ფასები

ხელისუფლების მიერ გაკეთებული დაპირების მიუხედავად, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების ჩამონათვალზე ფასები არ მოიმატებდა, თითქმის ყველა პროდუქტის ღირებულება გაზრდილია. ფასების ზრდას, როგორც მომხმარებლები, ასევე, მოვაჭრეები ადასტურებენ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ბიზნესთან შემდგარი შეთანხმების მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში 9 პროდუქტზე ფასი არ შეიცვლებოდა. ამ პროდუქტების ჩამონათვალი კი, ასე გამოიყურებოდა: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები, წიწიბურა, ლობიო. მინისტრმა განმარტება იმ მექანიზმების შესახებაც გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ფასების შენარჩუნება მოხდებოდა. ლევან დავითაშვილი აცხადებდა, რომ ვალუტის კურსის ცვლილების შედეგად, პროდუქციაზე აუცილებელ დანამატს სახელმწიფო კომპანიებს კომპენსაციის სახით აუნაზღაურებდა:

,,რათა მათ კონკრეტული ფასი შეინარჩუნონ იმ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება”, – აღნიშნავდა მინისტრი.

დრო გავიდა, თუმცა ამ განცხადებისთვის რეალური სახის მიცემა რთული აღმოჩნდა. გაზრდილი ფასები, მათ შორის,- იმ დაანონსებულ 9 პროდუქტზე, როგორც აგრარული ბაზრის, ასევე, მაღაზიების დახლებიდან, თვალში საცემია.

,,რა თქმა უნდა, ადრინდელთან შედარებით, პროდუქტზე ფასებმა მეტ-ნალკებად მოიმატა, გააჩნია, რამდენად მოხმარებადია ესა თუ ის პროდუქტი. ბაზარში თითქმის არავის აქვს თავისი პროდუქტი. ყველა იღებს პროდუქტს და მერე ბაზარში ჰყიდის. რამდენადაც იღებენ, შემდგებ რეალიზებას იმის მიხედვით ახდენენ“,-განუცხადა knew- ს თელავის აგრარული ბაზრის დირექტორმა მერაბ თურქოშვილმა.

ოპოზიცია ხელისუფლებას მისი გავლენის ქვეშ მყოფი კომპანიებისთვის პრივილეგიების მინიჭებაში ადანაშაულებს, რომლებიც ფერმერებისგან და გლეხებისგან პროდუქტს ,,კაპიკებში“ იბარებს და გაცილებით ძვირად ჰყიდის.

,,ბაზარზე მხოლოდ კონკრეტული კომპანიები ოპერირებს, როგორც ლაგოდეხში, ასევე, ქვემო ქართლში. სხვა კომპანიებიც რომ იყვნენ პროცესში ჩართული, კონკურენცია მოიმატებდა და ფასებიც შესაბამისად დარეგულირდებოდა. გარდა ამისა, მოსახლეობისგან პროდუქტის შეძენაც ისეთ ფასში მოხდებოდა, რომ გლეხებს იმ ფასში მაინც ჩაებარებინათ პროდუქტი, რაც ადამიანებს ელემენტარულ შემოსავალს მისცემდა და იმ შრომას აუნაზღაურებდა, რაც ამ პროდუქტის მოყვანაზე დაიხარჯა “,-ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი.

ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ მთავრობამ დაპირებული 9 პროდუქტი დააზღვია და ფასებში მცირე ცთომილება მხოლოდ ლარის გაუფასურების შედეგია:

,,საქართველოს მთავრობამ დააზღვია ის მთავარი 9 პროდუქტი. გამორიცხული იყო, რომ ლარის გაუფასურებასთან ერთად, ფასები აბსოლუტურად იგივე დარჩენილიყო. ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ხელისუფლებას არანაირად არ შეეძლო, რომ ყველა პროდუქტის ფასი დაეზღვია. ჩვენ შევძელით, რომ 9 პროდუქტზე ფასების სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა“,-განმარტა knews-თან კახეთის გუბერნატორის მოადგილემ პლატონ კალმახელიძემ.

რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის) 7 მაისის მონაცემებით, სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) ფასი ბოლო თვის განმავლობაში რეგულარულად მცირდებოდა. აპრილის თვეში დაფიქსირებული ფასები, თებერვლის თვესთან შედარებით, 3.4 პროცენტით შემცირდა.

 

ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი