საგარეჯოს კლინიკის კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის კონტაქტების რაოდენობა 37-მდე შემცირდა
საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის მედიკოსს, რომელიც თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობს, PCR კვლევით კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედდასთან კავშირში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 60-დან 37-მდე შემცირდა, საიდანაც საგარეჯოში ექთნის კონტაქტებს შორის 16 ადამიანია. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, თუ საგარეჯოს კონტაქტებიდან ყველას ანალიზის პასუხი იქნება უარყოფითი, ეს არ იქნება კახეთის შემთხვევა.
,,PCR კვლევით ამ ქალბატონს ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა ვინაიდან მისი ინფიცირების შესახებ ჩვენთვის ძალიან სწრაფად გახდა ცნობილი, ვგულისხმობ მედიკოსთა მიზნობრივ ტესტირებას, მკვეთრად შემცირდა ქალბატონის კონტაქტების და ინფექციის გავრცელების საშიშროება. ამ ეტაპზე საგარეჯოს მასშტაბით გამოვლინდა ჯამში 16 კონტაქტი, მათ შორის 9 საოჯახო, 7 კი დაკავშირებულია საგარეჯოს ,,ჯეო ჰოსპიტალსთნ. ბოჭორიშვილის კლინიკაში 21 კონტაქტია გამოვლენილი, რომელთა ანალიზის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
ჩვენ გუშინ ლუგარში გავგზავნეთ 42 ანალიზი, ამ ეტაპზე რამდენიმეს პასუხია მოსული, 5 პასუხი არის ამ ქალბატონის ოჯახის წევრის, არც ერთ მათგანს, მათ შორის არც ინფიცირებული ქალის მეუღლეს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. ქალბატონი არის უსიმპტომო, ჩვენ რამდენიმე დღეში კვლავ ჩავატარებთ როგორც მისი, ასევე მისი კონტაქტების განმეორებით ანალიზს”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.