საგარეჯოს კლინიკის ექთანს PCR მეთოდით კვლევა დღეს ჩაუტარდება
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მედიკოსი, რომელიც საგარეჯოს კლინიკაშიც მუშაობს და ბოჭორიშვილის კლინიკაშიცაა დასაქმებული, საავადმყოფოში, იზოლირებულად ბოქსირებულ სექტორში იმყოფება.
მისი ინფორმაციით, მედიკოსს PCR მეთოდით კვლევა დღეს უნდა ჩაუტარდეს.
“დღეს აღნიშნული მედიკოსის მონაცემებს ოქროს სტანდარტით, PCR მეთოდით გადავამოწმებთ. ამის შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას და დასკვნას ვადასტურებთ თუ არა ამ დიაგნოზს. ყოველი შემთხვევისთვის კონტაქტები შესწავლილია, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს. თვითონ მედიკოსი ელოდება განმეორებით კვლევას. როგორც ვიცით აღებულია მასალა ცხვირ-ხახიდან, სავარაუდოდ, ჩატარებულია PCR ტესტი, მაგრამ არის მეორე შემთხვევა, როგორც გითხარით, რომელიც ექიმების შეხედულებისამებრ საჭიროებს გადამოწმებას,” – განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისივე თქმით, მედიკოსთან სავარაუდო კონტაქტში მყოფ ბოჭორიშვილის კლინიკის 23 თანამშრომელს კვლევა ჩაუტარდა და მათი პასუხი კორონავირუსის ინფექციაზე უარყოფითია.
“დაინფიცირების წყაროს თქმა ძნელია. კლინიკაში მინიმუამდეა დაყვანილი. გუშინ ვისთანაც შესაძლებელია ჰქონოდა კონტაქტი, მათ ნაწილს, კლინიკის 23 თანამშრომელს, ჩაუტარდა ტესტი და მივიღეთ უარყოფით შედეგები. ვინაიდან ორ კვირაში ერთხელ ყველა პერსონალის ტესტირება სავალდებულოა და წინასწარი გრაფიკის მიხედვით ვატარებთ. რა თქმა უნდა, გრაფიკში გადმონაცვლდებიან ის ადამიანები, რომლებსაც მეორეული ან მესამეული კონტაქტები შეიძლება ჰქონდეს ამ მედპერსონასთან,” – განაცხადა სოლოღაშვილმა.