თუ ინფიცირებული ექთნის საგარეჯოს არც ერთ კონტაქტს კოვიდ 19 არ დაუდასტურდება, ეს არ იქნება კახეთის შემთხვევა
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 167 ნიმუში გაიგზავნა, მათ შორისაა ინფიცირებულ მედდასთან საგარეჯოში კონტაქტში მყოფი 16 ადამიანის ბიოლოგიური მასალა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთნის კონტაქტების ტესტირების ნაწილის პასუხია ცნობილი. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, გამოკვლეული მასალებიდან არც ერთ შემთხვევაში კოვიდ 19 არ დადასტურდა.
“თუ დადასტურდება, რომ ექთანთან საგარეჯოში კავშირში მყოფი ყველა მოქალაქის ტესტირების პასუხი იქნება უარყოფითი, ეს არ ჩაითვლება კახეთის შემთხვევად, ეს იქნება გარე წყაროსთან დაკავშირებული შემთხვევა. საგარეჯოში მოკვკეულია ექთნის კონტაქტი 16 ადამიანთან, საიდანაც 9 ოჯახურია, ხოლო 7 სამსახურეობრივს უკავშირდება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთანს, რომელიც ამავე დროს თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში PCR მეთოდით ჩატარებული კვლევით დაუდასტურდა. მას ამავე მეთოდით კორონავირუსზე განმეორებით გამოიკვლევენ.