ახალი ამბები

საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება

საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკის ექთანი თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის იზოლირებულად ბოქსირებულ სექტორში იმყოფება.

მედდას PCR მეთოდით განმეორებითი კვლევა სავარაუდოდ დღეს ჩაუტარდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

“საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთანთან დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ის თბილისის ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. მისი კონტაქტები მოძიებულია. საგარეჯოში მასთან კონტაქტი ჰქონდა ჯამში 16 ადამიანს, საიდანაც 9 ოჯახურია, ხოლო 7 სამსახურეობრივს უკავშირდება. ასევე ბოჭორიშვილის კლინიკის კონტაქტების რაოდენობა 21-ს შეადგენს”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთანს, რომელიც ამავე დროს თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში PCR მეთოდით ჩატარებული კვლევით დაუდასტურდა. მას ამავე მეთოდით კორონავირუსზე განმეორებით გამოიკვლევენ.