საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთნის ყველა კონტაქტი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფება
თუ ყველა კონტაქტი, რომელიც ჩვენ საგარეჯოში მოვიძიეთ, უარყოფითი იქნება, ჩაითვლება, რომ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მედდის შემთხვევა კახეთის შემთხვევა არ არის და ის გარე წყაროსთანაა დაკავშირებული, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მედდის შემთხვევა მიზნობრივი ტესტირებისას PCR კვლევით გამოვლინდა, შესაბამისად, ადრეულ სტადიაზევე აღმოჩნდა და საგარეჯოში მასთან კონტაქტი ჯამში 16 ადამიანს ჰქონდა, რომლებიც მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამასთან, ხიზანიშვლი მიუთითებს, რომ მედდასთან კონტაქტში მყოფი უკვე გამოკვლეული მოქალაქეებიდან, მათ შორის მის მეუღლეს და ოჯახის სხვა წევრებს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
„საგარეჯოს დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ გამოვიკვლიეთ ყველა კონტაქტი – 9 საოჯახო და 30 სამედიცინო. სამედიცინო დაწესებულების ვიდეოკამერებიდან ამოღებული ვიდეომასალის საფუძველზე, კონტაქტების წრე შემცირდა. დღევანდელი მონაცემებით, საგარეჯოში კონტაქტების რაოდენობა სულ გახლავთ 16, მათ შორის 9 საოჯახო და 7 სამედიცინო.
გუშინ, ბოჭორიშვილში 21 ნიმუში აიღეს და ჯერჯერობით მათი პასუხი არ არიის ცნობილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ვისი პასუხიც მივიღეთ – საოჯახო კონტაქტებს ვგულისხმობ, მათ შორის, მეუღლის ტესტზე პასუხი უარყოფითია, კონტაქტების მოძიება აღარ გრძელდება, ვინაიდან გუშინ მაქსიმალურად ყველა კონტაქტი მოვიძიეთ. მასთან კავშირში ყველა მოქალაქე მკაცრ თვითიზოლაციაშია.
ასევე კვლევები მიმდინარეობს ბოჭორიშვილის კლინიკაშიც, წყარო ფაქტობრვად დადგენილია. აღნიშნულ ქალბატონს და მის კონტაქტებს განმეორებით ჩაუტარდება კვლევები, ასევე მის ყველა თანამშრომელს. მედიკოსი არის უსიმპტომო, თანაც ეს ქალბატონი მიზნობრივი ტესტირების შედეგად გამოვლინდა, ის ძალიან მალე აღმოვაჩინეთ, შესაბამისად, კონტაქტების რაოდენობა და ინფიცირების შანსიც ნაკლებია“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთანს, რომელიც ამავე დროს თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში PCR მეთოდით ჩატარებული კვლევით დაუდასტურდა. მას ამავე მეთოდით კორონავირუსზე განმეორებით გამოიკვლევენ.