ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსზე 1483 მოქალაქე გამოიკვლიეს

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 1483 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც 587 მედპერსონალს ეკუთვნის, ხოლო 323 კი კარანტინში მყოფი მოქალაქეებისაა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ გაგზავნილი ნიმუშებიდან კორონავირუსი PCR მეთოდით ჩატარებულმა ტესტირებამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, თუმცა განმეორებით ჩატარებულმა ორმა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთის საკარანტინე სივრცეში ყველა მოქალაქეს კოვიდ 19-ზე გამოიკვლევენ. PCR ტესტირება ჩაუტარდება რეგიონში მომუშავე ყველა მედიკოსს.
“ჩვენ ვაგრძელებთ ნიმუშების გაგზავნას როგორც ცხელების კლინიკებიდან ისე საკარანტინე სივრცეებიდან. კორონავირუსზე PCR ტესტირება ჩაუტარდა 583 მედპერსონალს და კარანტინში მყოფ 323 მოქალაქეს. უახლოეს მომავალში დავიწყებთ მაღალი რისკ ჯგუფების – შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების, მათი მომვლელებისა და საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების ტესტირებას”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დგინდება.