ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს
ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმმა უკვე დატოვა თბილისის ვახტანგ ბოჭოროშვილის სახელობის კლინიკა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მედიკოსი საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ექიმი ქალბატონი კარანტინში ორი კვირის განმავლობაში დარჩება.
“ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის გადაიყვანეს კარანტინში. საკარანტინე სივრცეში ორი კვირა იქნება, რადგან იმყოფებოდა სტაციონარში, სადაც არიან იმყოფებიან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი PCR ტესტირებით დაუდასტურდა. ამავე მეთოდით ჩატარებულმა განმეორებითმა კვლევებმა მედიკოსის კოვიდ 19-ით ინფიცირება არ დაადგინდა. ის ჩაღრმავებული კვლევებით კორონავირუსის სხვა ტიპებზეც გამოიკვლიეს, თუმცა არც ერთი არ აღმოაჩნდა.
კახეთში ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.