ახალი ამბები

კახეთში მერძევეობის განვითარების ახალი პროგრამა დაიწყო

საქართველოში მერძევეობის განვითარების ახალი პროგრამა დაიწყო, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) აფინანსებს.

პროგრამის განხორციელებისთვის 16 მილიონი ევრო გამოიყო, საიდანაც ნაწილი გრანტია, ნაწილი კი, შეღავათიანი სესხი. საქართველოში IFAD-ისპროგრამების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სამიზნე ჯგუფები ძირითადად მცირე და საშუალო ფერმერები არიან, რომლებსაც ჰყავთ სულ მცირე ხუთი, ხოლო მაქსიმუმ 20 მეწველი საქონელი.

ლალი დურმიშიძემ განმარტა, რომ პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ძირითადი საშუალებების შეძენა. მისი ინფორმაციით, რძის პირველად მწარმოებელს შეუძლია, მოითხოვოს თანადაფინანსება საწველი დანადგარის შესაძენად ან პირუტყვის სადგომის რემონტისთვის. თანადაფინანსება 40-დან 80 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის მინიმალური ზღვარი 8 000 ლარია, მაქსიმალური კი 195 ათას ლარს შეადგენს.

,, ჩვენი პროგრამის მიზანი არის სოფლად მერძევეობის სექტორში დასაქმებულ ფერმერთა ხელშეწყობა, შემოსავლების ზრდა და შესაბამისად, მათი პროდუქციის ხარისხის ამაღლება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა. პროგრამის ფარგლებში ფერმერები მიიღებენ გრანტებს. ამ გრანტებში აუცილებლად არის ფერმერთა მხრიდან სხვადასხვა სახის თანამონაწილეობა.

ზოგ მიმართულებაში 40 პროცენტია გრანტი და 60 პროცენტი კონტრიბუცია, ზოგან 60 გრანტი 40 კონტრიბუცია. გააჩნია მიმართულებებს. საქართველოს მთავრობისა და დონორთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ დაემატებოდა კიდევ სამი რეგიონი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი და კახეთი. ასევე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსათვის პროგრამა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება”, – აღნიშნა ლალი დურმიშიძემ.

მერძევეობის მხარდაჭერის პროგრამა ექვს წლიანია. თანადაფინანსების მოსაპოვებლად ფერმერებმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს უნდა მიმართონ.
მართვა