ახალი ამბები

„ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული გვერდები და ყალბი ანგარიშები წაშალა

კომპანია „ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები წაშალა, რომლებიც მასალებს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად აქვეყნებდნენ. კერძოდ, როგორც სოციალური ქსელის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამია, წაშლილია რუსეთთან დაკავშირებული 46 ფეისბუქგვერდი, 91 ანგარიში და ორი ჯგუფი, ასევე „ინსტაგრამის“ ერთი ანგარიში.

„ფეისბუქის“ განცხადებით, აღნიშნული გვერდების ქსელი ინფორმაციას ავრცელებდა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, ფრანგულ, უნგრულ, სერბულ, ქართულ, ინდონეზიურ და სპარსულ ენებზე და ფოკუსირებული იყო მსოფლიოს ბევრ რეგიონზე.

„ჩვენმა გამოძიებამ ეს აქტივობა დაუკავშირდა პირებს რუსეთში, უკრაინის დონბასის რეგიონში და ასევე, ორ მედიაორგანიზაციას ყირიმში – NewsFront-სა და SouthFront-ს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ ასევე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პიროვნებებთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ამის შესახებ სოციალური ქსელის ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც აპრილის აქტივობას უკავშირდება.

როგორც „ფეისბუქის“ ანგარიშშია აღნიშნული, საერთო ჯამში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პიროვნებებთან ასოცირებული 23 ანგარიში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი წაიშალა.

სოციალური ქსელის ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით ასევე წერს, რომ კომპანიამ საქართველოს მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ფეისბუქანგარიში, 122 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 56 ანგარიში წაშალა. „ფეისბუქი“ წერს, რომ ეს ორგანიზაცია სოციალური ქსელის პლატფორმებზე აკრძალულია.

„ფეისბუქის“ გამოძიების საფუძველი საქართველოში მოქმედი ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაციების მოხსენებები გახდა.