ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს PCR-ის მეთოდით ჩატარებული ორი კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს PCR მეთოდით ჯამში სამი კვლევა ჩაუტარდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა. ნელი ხიზანიშვილმა განმარტა, რომ PCR-ის პირველი ტესტირებით მას კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო ამავე მეთოდით ჩატარებული დამატებით ორი კვლევის შედეგით კოვიდ 19 არ აღმოაჩნდა.
“მედიკოსს ჩაღრმავებული კვლევა უტარდება. ექიმები იკვლევენ სხვა კორონავირუსი ხომ არ აქვს. ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი სავარაუდოდ დღეს დატოვებს კლინიკას და კარანტინში გადავა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, კახეთში ამ საეჭვო შემთხვევის გარდა, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება.