კახეთში 206 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 270 ნიმუშიდან ცნობილია 206 მოქალაქის ტესტირების პასუხი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ 206 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, 64 ნიმუშის კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
“270 ნიმუშიდან 206 საკვლევი მასალის პასუხია, საიდანაც ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია. კორონავირუსზე ყვარელში ინფიცირებული ექიმის 100-ზე გაცილებით მეტი კონტაქტი გამოვიკვლიეთ და კოვიდ 19 არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა”, – განუცხადა “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე კახეთში კორონავირუსის ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კოვიდ 19 ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს სამი დღის წინ დაუდასტურდა.