კახეთში კორონავირუსზე ტესტირება უკვე 1000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა
ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად კახეთიდან, ორი თვის განმავლობაში, 1258 მოქალაქის ანალიზის ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც 1 მედიკოსს დაუდასტურდა კორონავირუსი, ხოლო 270 მოქალაქის გამოკვლევის შედეგი დღეს გახდება ცნობილი.
როგორც knews.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა, კორონავირუსზე 400-ზე მეტი მედიკოსი გამოიკვლიეს. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კოვიდ 19-ზე კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში ყველა მედპერსონალის საკვლევი მასალა გაიგზავნება.
“1258 მოქალაქის ნიმუში გავაგზავნეთ. აქედან 988 საკვლევი მასალის შედეგი ვიცით, საიდანაც 1 ყვარელში მედიკოსს დაუდასტურდა კოვიდ 19. 270 მოქალაქის ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსის პირველად დადასტურებული შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა. კოვიდ 19-ით ინფიცირებულია ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმი. მას კონტაქტი 147 ადამიანთან ჰქონდა, საიდანაც 102 მოქალაქე უკვე გამოკვლიეს და ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია. ინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აღენიშნება. ჯერჯერობით მედიკოსის დაინფიცირების წყარო უცნობია.