დღეიდან მოსახლეობას იუსტიციის სახლებით სარგებლობა შეეძლება
დღეიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა, სადაც მოსახლეობას განსხვავებული ფორმით მოუწევს სასურველი სერვისის მიღება.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მოქალაქემ რომ განაცხადი შეიტანოს ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეს იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტის შენობაში, საჭირო იქნება პორტალ “MYGOV.GE”-ის მეშვეობით დაჯავშნოს ვიზიტი სასურველ დღეს და დროს.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, MYGOV.GE-ის გვერდის ავლით შენობაში ვერცერთი მოქალაქე ვერ მოხვდება.
„ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს და შესაბამისად, უკვე დღეიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, სასურველ დროს დაჯავშნონ ვიზიტი. ეს ეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მისაღებ ყველა იმ სერვისს, რომელსაც პირები ვირუსის გავრცელებამდე იღებდნენ.
ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს სერვისი გულისხმობს გარკვეული ოდენობის ადამიანის ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში.
დანარჩენი ყველა სერვისი იქნება მხოლოდ დაჯავშნის გზით, წინასწარ ელექტრონული რიგის მეშვეობით ზუსტად ისე, როგორც ეს იყო საქართველოში ვირუსის შემოსვლამდე.
ეს დროებით, მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების კვალდაკვალ ჩვენ შევძლებთ ცვლილება შევიტანოთ იმ ახალი წესში, რომელსაც დღეიდან გთავაზობთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შენობაში არავინ დაიშვება პირბადის გარეშე, შენობაში ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები. შესაბამისად, იუსტიციის სახლების ბავშვთა სივრცეები დროებით დაკეტილი დარჩება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად უკვე 604 მოქალაქეს დაუდასტურდა, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.