ახალი ამბები

ამ ეტაპზე ყვარელში ინფიცირებული ექიმის დაავადების წყარო უცნობია

ამ ეტაპზე უცნობია ყვარელში სასწრაფო დახმარების მედიკოსი ვისგან დაინფიცირდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა.

როგორც knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, ეპიდემიოლოგები ექიმის დაინფიცირების წყაროს მოძიებას აგრძელებენ.

“ჯერჯერობით მედიკოსის დაინფიცირების წყარო უცნობია. ეპიდემიოლოგები ამ კუთხით მუშაობას აქტიურად განაგრძობენ. მედიკოსთან კავშირში მყოფ გამოკვლეული მოქალაქეებიდან არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. დღეს მედიკოსის 45 კონტაქტის პასუხს ველოდებით”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში კორონავირუსზე 270 მოქალაქის ტესტირების პასუხებს ელოდებიან.

ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსის პირველად დადასტურებული შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა. კოვიდ 19-ით ინფიცირებულია ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმი. მას კონტაქტი 147 ადამიანთან ჰქონდა, საიდანაც 102 მოქალაქე უკვე გამოკვლიეს და ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია. ინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აღენიშნება.