ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსზე 270 მოქალაქის ტესტირების პასუხებს ელოდებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში კორონავირუსზე 270 მოქალაქის ტესტირების შედეგებს ელოდებიან.

როგორც knews.ge უწყების კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა, 270 ნიმუშიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 51 მედიკოსის, კარანტინში მყოფი 64 ადამიანის და ცხელების ცენტრებში მოთავსებული და ინფიცირებულ ექიმთან კავშირში მყოფი 155 მოქალაქეების საკვლევი მასალა გაიგზავნა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, შედეგები სავარაუდოდ 14 საათზე გახდება ცნობილი.

“ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ისე კარანტინის სივრცეებიდან. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 270 ნიმუში გავაგზავნეთ და პასუხებს ველოდებით. გაგზავნილ ნიმუშებს შორის არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფი 4 მოქალაქის და ყვარელში ინფიცირებულ ქალთან კავშირში მყოფი პირების საკვლევი მასალა.
თვითიზოლაციაში 34 მოქალაქე იმყოფება, სპეციალისტების მეთვალყურეობა 2 ადამიანს მოეხსნა. კარანტინში, 10 ლოკაციაზე, კი 459 მოქალაქეა მოთავსებული”, –
განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსის პირველად დადასტურებული შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა. კოვიდ 19-ით ინფიცირებულია ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმი. მას კონტაქტი 147 ადამიანთან ჰქონდა, საიდანაც 102 მოქალაქე უკვე გამოკვლიეს და ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია.
ინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აღენიშნება.