ყვარელში კორონავირუსით ინფიცირებულ მედიკოსს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება
ყვარელში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი. როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულ ექიმის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
“ყვარელში ინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ინფიცირებული მედიკოსი თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება.
ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსის პირველად დადასტურებული შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა. კოვიდ 19-ით ინფიცირებულია ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმი. მას კონტაქტი 147 ადამიანთან ჰქონდა, საიდანაც 102 მოქალაქე უკვე გამოკვლიეს და ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია.