ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსზე მაღალი რისკ ჯგუფების ტესტირება დაიწყება

კახეთში კორონავირუსზე მაღალი რისკ ჯგუფების ტესტირება იგეგმება.

როგორც “კახეთის ხმას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა, ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების, მათი მომვლელებისა და საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების ნიმუშები. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მათი ტესტირება სავარაუდოდ რეგიონში ყველა მედპერსონალის გამოკვლევის დასრულების შემდეგ დაიწყება.
“კახეთის რეგიონში მაღალი რისკის მქონე ყველა ჯგუფს გამოვიკვლევთ. გაფართოებული ტესტირების მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსის პირველად დადასტურებული შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა. კოვიდ 19-ით ინფიცირებულია ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმი. ის თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას კონტაქტი 147 ადამიანთან ჰქონდა, საიდანაც 102 მოქალაქე უკვე გამოკვლიეს და ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია.